დეკანოზი ილია ჭიღლაძე: – რა არის შეჩვენება (ანათემა) და რაა წყევლა (კრულვა) ?!მაისი 25, 2018

დეკანოზ ილია ჭიღლაძის “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებული მასალა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თანამედროვეობაში ზოგჯერ ეს ორი სრულიად სხვადასხვა ცნებები ერთმანეთში ერევათ. შეჩვენება (იოანე პეტრიწი უფრო მართებულ ენობრივ ფორმად მიიჩნევდა “განჩვენება”) ანუ მისი შესატყვისი ბერძნული ტერმინი “ანათემა” გულისხმობს ეკლესიის სხეულიდან, ანუ ქრისტიანთა ერთობიდან პირის მოკვეთას/განკვეთას, მისთვის ქრისტიანის წოდების და სახელის ჩამორთმევას, ეს ხელეწიფება მხოლოდ საეკლესიო კრებას (ანუ სინოდს), მას არ და ვერ აღასრულებს ერთი პირი, თუნდ მღვდელმთავრის ხარისხის მქონე. ანათემა, ანუ ეკლესიიდან განკვეთა, ესაა წმინდა ეკლესიის პროტესტი მისი წევრის ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ ქმედებათა გამო. უკეთუ ანათემირებული პირი შეინანებს, საეკლესიო კრებას ხელეწიფება ანათემის მოხსნა და პირის ეკლესიის წევრად დაბრუნება. ეს სასჯელი არ უნდა აგვერიოს სამღვდელო ხარისხიდან განკვეთაში (ანუ სამღვდელო წოდების ჩამორთმევა), რომელიც ასევე მხოლოდ საეკლესიო კრებას (სინოდს) ხელეწიფება. ანათემის ცნება პირველად გამოიყენა წმ. პავლე მოციქულმა კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში: “ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!” (16, 22)

სრულიად სხვა მოვლენაა წყევლა, ანუ კრულვა (დაკრულვა)- ესაა პირზე წარმოთქმული მსჯავრი რათა მასზე მოიწიოს ღვთის სასჯელები მის გამოსასწორებლად და საცხოვნებლად. წყევლის მაგალითები ხშირია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და მართალთა მიერ. ახალ აღთქმაში, როგორც სიხარულის და სიყვარულის უწყებაში, წყევლა იშვიათადაა, თუმცა მაინც გვხდება. მაგ. უფალი იესო ქრისტე წყევლის ლეღვის უნაყოფო ხეს, რომელიც მეყსეულად გახმა (მათე 21, 18-22), იერუსალიმს (მათე 23, 37-39; ლუკა 19, 42-44), ბეთსაიდას, ქორაზინს და კაპერნაუმს (ლუკა 10, 13-15), სწავლებაში საშინელი სამსჯავროს შესახებ: “მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის!” (მთ.25,41). თუმცა არ გვაქვს ფაქტი უფალ იესო ქრისტეს მიერ კონკრეტული პიროვნების დაწყევლისა. მოციქულთა ნაწერებში განსაკუთრებით საგულისხმოა წმ. იუდა-თადეოზის კათოლიკე (საყოველთაო) ეპისტოლის შესაბამისი მუხლი: “მიქაელ მთავარანგელოზმაც კი ეშმაკთან დავისას, როცა ეცილებოდა მოსეს სხეულისთვის, ვერ იკისრა გმობის მსჯავრი წარმოთქვა, არამედ თქვა: “შეგრისხოს შენ უფალმა!” (1.9); წმ. პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: “თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს!” (გალ.1:7-9). განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა წყევლისა აღწერილია “მოციქულთა საქმეებში” წმ. პეტრეს მიერ საფირას დაწყევლისა: “რატომ შეითქვით უფლის სულის გამოსაცდელად? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხველთა ფეხები და შენც გაგიტანენ! დაეცა იგი [საფირა] უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა.” (5, 9-10); ძველ საეკლესიო მამათა ნაწერებში ზოგგან გვხვდება წყევლები, განსაკუთრებით ხშირია ეს ქართველ მღვდელმთავართა, მეფე-დედოფალთა და სხვა შემწირველთა სიგელ-გუჯრებში და ანდერძებში (იხ. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 3, 4, 5, ის. დოლიძის გამოცემა). წესის აგების მსახურებაში შენდობის ლოცვაში მღვდელმთავარი ამბობს:”უკეთუ წყევასა და შეჩვენებასა მღვდელმთავრისასა, გინა მღვდლისასა შთავარდი, ანუ მამისა, გინა დედისასა, ანუ თუ თავი თვისით კრულ იქმენ… ამათ ყოველთა კრულებათა და პყრობილებათაგან ხსნილ იყავ და განთავისუფლებულ!” (იხ. კურთხევანი); არსებობს ასევე კრულებათაგან განთავისუფლების სამღვდელო ლოცვა (იხ. გამოკრებილი კურთხევანი, თბ. 2009, გვ.335).

უფალი იესო ქრისტე მოციქულებს და მათ მემკვიდრე სამღვდელოებას მიმართავს: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც.” [ძვ. ქართ.: ” ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.”] (მათე 18, 18); აქ საუბარია ცოდვათა მიტევების (ანუ გახსნა/შენდობა) და არ მიტევების (შეუნდობლობა/კრულება) ძალმოსილების შესახებ. ცოდვის არ მიტევებას “კრული” ანუ შეკრული ეწოდება, რამაც ასევე დაწყევლის შინაარსი შეიძინა, თუმცა ზუსტი გაგებით უზიარებელყოფას (ზიარების აკრძალვას) გულისხმობს.

დეკ. ილია ჭიღლაძე