მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავსმაისი 27, 2018

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ეკლესია სულთმოფენობას, სულიწმიდის გარდამოსვლას დღესასწაულობს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც.

ამაღლების შემდეგ, მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუ­სალიმში ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვა­დასხვა ენაზე.

სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა შესრულდა; წირვის შემდეგ წაიკითხეს მუხლდრეკის ლოცვები, რა დროსაც მორწმუნე მრევლი პირველად იყრის მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას – მეუფეო ზეცათაო.