დღეს ლომისობაამაისი 30, 2018

სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს ლომისობის დღესასწაული აღინიშნება. ლომისა მე-9-მე-10 საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ეკლესიაა, რომელიც მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში მდებარეობს.

ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და მლეთის მთაზე დამკვიდრებულა. ტაძარში რკინის დიდი საყელურიანი ჯაჭვი ინახება. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან წმინდანს რაიმეს ევედრება, ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს ლოცვით სამგზის შემოუვლის.

ერთ-ერთი ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – წილიანობას (შვილიერებას).