1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენება – ნინოობაამაისი 31, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ხვალ, 11:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდის.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.