მეუფე გიორგი – თავიანთ სისხლიან ხელებს ნუ აფათურებენ შვილმოკლული, გაუბრდურებული მამის სულშიივნისი 1, 2018

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს. “ ჩვენ – ეკლესიამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვს, რომ უსამართლობის განცდა არ სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში” – წერს მეუფე გიორგი.

“კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.”ყოველი კაცი ცრუ არს” -ბძანებს დავით წინასწარმეტყველი. კაცმა რომ ჩვენს დროში წარმართოს სამართალი, თითქმის, შეუძლებელი გახდა, რადგან ადამიანები დიდად დავშორდით ღმერთს და შესაბამისად განმრჩევლობისა და განსჯის უნარი დავკარგეთ. უდიდესია სულთქმის ძალა და ის უზენაესის შეწევნას მოუხმობს. ჩვენი საზოგადოება შეძრა შვილმოკლული მამის სულთქმამ და ხალხი გარეთ გამოიყვანა. ეშინოდეთ იმათ, ვისაც მიეცა ძალაუფლება, მსაჯულება და დღემდე უსამართლობის განცდა არ განელებია ჩვენ ერს. ჩაგრულთა ტანჯვა ღმერთს მოდრეკს და სასჯელისა და შურისძიებისთვის აღძრავს მას. ჩვენ – ეკლესიამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვს, რომ უსამართლობის განცდა არ სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში. ამასთანავე ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია ისეთი ადამიანები გვევლინებოდნენ სამართლიანობის მებაირახტეებად, რომელთაც არაერთი ადამიანის სისხლში გაისვარეს ხელი და გარეულ მხეცებზე უარესნი იყვნენ თავიანთი მმართველობის ჟამს. მათ ღმერთის არ შეშინებიათ, არ შეუნანებიათ და ყველანაირი მეთოდით ცდილობენ სინანულის ნაცვლად, მათი უსჯულოების მიჩქმალვას. მათი “გაუაზრებელი” პოლიტიკის შედეგად დაკარგულ იქნა ტერიტორიები და მრავალი ზიანი მიადგა ქვეყანას. სწორედ უკიდურესმა უსამართლობის განცდამ ჩვენს ხალხს უარი ათქმევინა მათ რეჟიმზე. მოვუწოდებდი მათ – თავიანთ სისხლიან ხელებს ნუ აფათურებენ შვილმოკლული, გაუბრდურებული მამის სულში. მინდა გამოვხატო თანადგომა და მწუხარება სარალიძეებისა და ყველა შვილმოკლული ოჯახის მიმართ და ვუთხრა მათ, რომ შეიძლება, ამქვეყნიურ სასჯელს გაექცეს ადამიანი, მაგრამ ღვთის ყოვლის მხილველ თვალსა და მართლმაჯულებას ვერავინ დაემალება. P.S. მოვუწოდებ ხელისუფლებას, აღადგინოს სამართლიანობა და დადგეს მის სადარაჯოზე. გიორგი, ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბისა. 01.06.2018″ – აღნიშნავს ეპისკოპოსი გიორგი.