პატრიარქი ილია მეორე ზაზა სარალიძეს დღეს, 16:00 საათზე შეხვდებაივნისი 2, 2018

პატრიარქი ილია მეორე ზაზა სარალიძეს დღეს, 16:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ „ინტრეპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

„პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა, აუცილებლად შეხვდება ზაზა სარალიძეს. რა თქმა უნდა, უწმინდესი მოხარული იქნება, თუ პოზიტივს შეიტანს ამ რთულსა და დაძაბულ ვითარებაში“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

„პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარა ადამიანმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.