პატრიარქმა ზაზა სარალიძის ოჯახს ღვთისმშობლის ხატი გადასცაივნისი 2, 2018

პატრიარქმა სარალიძის ოჯახს იერუსალიმიდან ჩამოტანილი ბეთლემის ღვთისმშობლის ხატი და მონაზვნების მიერ დამზადებული სანთლები გადასცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს, პატრიარქმა სარალიძეების ოჯახს უთხრა, რომ ხატი ოჯახში დააბრძანონ, რომელიც მათი ოჯახის მფარველი იქნება.

საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე ზაზა სარალიძისა და მისი ოჯახის წევრების კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია:

“ა.წ. 2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, – მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და  სხვა მიზანი არ ჰქონია.

P.S. შევნიშნავთ იმასაც, რომ ა.წ. 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. ეს ქმედებაც და  განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო”.

კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს შენობიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემაც. ემოციებით ვართ გამოსული, ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხება, – განუცხადა მან ჟურნალისტებს .

„მეუღლე და ბავშვი მახლავს, ემოციებით ვართ გამოსულები. ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხება. არ მინდა ჩემმა მეუღლემ თავი ცუდად იგრძნოს. 6 თვეა ადამიანს ხმა არ ამოუღია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.