ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშაოებში ჩასართველად ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი თურქეთში გაემგზავრაივნისი 7, 2018

ისტორიულ ტაო–კლარჯეთში, ოშკის ტაძრის გუმბათის გამაგრებით სამუშაოებში ჩასართველად ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი თურქეთში დღეს გაემგზავრა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება. კერძოდ, მასში შედიან არქიტექტორ–რესტავრატორი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე და კონსტრუქტორი. ისინი სამუშოებს ხვალიდან შეუდგებიან და გახდება ცნობილი, როგორ გადანაწილდება გუმაბთის გამაგრებისთვის შესასრულებელი სამუშაო ქართველ და თურქ სპეციალისტებს შორის.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯები პროცესის დასაწყებად და ქართველ ექსპერტთა ჯგუფი 11 ივნისამდე თურქეთიდან უკან დაბრუნდება.

ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოები გასულ წელს საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად დაიწყება.
ამისთვის ქართულმა მხარემ თურქეთის მხარეს ძალოვანი ხარაჩოს პროექტი გადასცა.

ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული. იგი ორნამენტების სიუხვით და ქვაზე კვეთილი გამოსახულებებით გამოირჩევა. ოშკი სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ტაძრის გვერდით დღემდე შემორჩენილია ასევე სასულიერო აკადემიის ნანგრევები და სამლოცველო.