მართლმადიდებლური ჟურნალი “კარიბჭე” შესაძლოა, დაიხუროსივნისი 8, 2018

მართლმადიდებლურმა ჟურნალმა “კარიბჭემ”, შესაძლოა, სექტემბრიდან არსებობა შეწყვიტოს. ამის შესახებ ჟურნალის მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილის ჟურნალის ინტერნეტგვერდზე განთავსებულ წერილში წერს, სათაურით: “კარიბჭის” რედაქტორი მკითხველს მიმართავს: თქვენ წყვეტთ – გჭირდებათ თუ არა ჟურნალი

რედაქტორის წერილის თანახმად, ამის მიზეზი ის არის, რომ ჟურნალის ტირაჟმა დაიკლო და გამომცემლისთვის წამგებიანი პროექტი გახდა.

“ძალიან გვტკივა გული: დღეს, როცა ასეთი საყოველთაო შეტევაა ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე, ალბათ არ არის ჟურნალის დახურვისთვის შესაფერისი დრო. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჟურნალი ყოველთვიურ გამოცემაზე გადავიდა, კარიბჭელები ვეძებთ გამოსავალს, მაგრამ ამაოდ. ჩვენ ვერაფერს ვცვლით – გადაწყვეტილებას გამომცემელი იღებს.

ძნელი დასაჯერებელია ჩვენთვის, რომ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება და “კარიბჭე” მართლა აღარავის სჭირდება. ჟურნალი შედის ციხეებში, მიდის მონასტრებში, იგზავნება ეპარქიებში. მისი ფასი გამოცემის დღიდან არ შეგვიცვლია და უკვე 14 წელია, “კარიბჭე” 1 ლარი ღირს. მოდი, დავფიქრდეთ, რა ღირს დღეს კიდევ 1 ლარი? და ეს ფასი ჟურნალს იმის შედეგად შევუნარჩუნეთ, რომ რედაქციის წევრები ფაქტობრივად მოხალისეებად მუშობდნენ თქვენთვის. რომ იცოდეთ, რა ანაზღაურების ფასად იქმნებოდა ჟურნალი ამ წლების განმავლობაში, ალბათ გაოცდებით. მაგრამ ამის მიუხედავად, თავდაუზოგავად ვშრომობდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს აუცილებელი იყო ქვეყნისთვის, ერისთვის, ჩვენთვის და თქვენთვისაც. მაგრამ დღეს გვეუბნებიან, რომ ეს აღარავის სჭირდება. რომ სჭირდებოდეს – გაიყიდებოდაო. ალბათ ასეც არის. და ეს ყველაზე მეტად გვტკენს გულს…
ამ წერილით უბრალოდ გვინდა გაცნობოთ, რა ხდება ჩვენთან, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდვია, ჩვენო მკითხველო. თქვენ წყვეტთ – გჭირდებათ თუ არა ჟურნალი.
P.S.: ველოდებით თქვენგან გამოხმაურებებს – იქნებ გამოსავალი ერთად ვიპოვოთ” – წერს თამარ მამაცაშვილი.