კითხვა-პასუხი: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ეკლესიას აკრიტიკებენ?ივნისი 15, 2018

კითხვა: – როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ეკლესიას აკრიტიკებენ?

პასუხი: – კრიტიკა იშვიათად არის შემოქმედებითი. დანგრევა ყოველთვის ადვილია, ვიდრე შენება. ეკლესიის კრიტიკა ყოველთვის ისმის ნაკლებად განათლებული ადამიანებისგან და დილეტანტებისგან – მათგან, ვისაც არ განუცდია ეკლესიაში ყოფნისა და ცხოვრების სიხარული. ვისაც ერთხელაც არ გადაუშლია სახარება და არ იცის, რა არის რწმენის სიმბოლო, ბევრს ბედავს და იმას განიხილავს, რაშიც ის სრული უვიცია.

ეკლესიის მაკრიტიკებელი, ყველაზე ხშირად, განაყენებს საკუთარ თავს ეკლესიისგან: „მე არ ვარ ეკლესიაში, რადგან იქ ყველაფერი ისე არ არის“. მისი კრიტიკის ობიექტი ხდება განსაკუთრებით გარეგნული საეკლესიო ცხოვრება. ნაგავი ყოველთვის ჩანს, რადგან ის ზედაპირზე ტივტივებს. ყოველივე ფასეული და მნიშვნელოვანი სიღრმეშია. სიღრმის ხილვა ყველას არ ძალუძს, რადგან ბევრს ამის დასანახად მხედველობა არ გააჩნია.

აკრიტიკებენ პატრიარქსა და მღვდლებს, სასულიერო პირთა ცოდვებსა და ჩვენი კულტურისა და განათლების დაბალ დონეს, სიხარბესა და ლოთობას. კრიტიკის შინაარსი შეგვიძლია უსასრულოდ გავაფართოვოთ და გავზარდოთ, მაგრამ შევნიშნავთ: რასაც აკრიტიკებენ, არ არის ეკლესია. აკრიტიკებენ ადამიანურ ფაქტორსა და ჩვენ ცოდვილ უძლურებას. ასეთ შემთხვევაში კრიტიკა მიიღება, მაგრამ ერთი პირობით: მაკრიტიკებელი უნდა დაგვეხმაროს უკეთესები გავხდეთ, ამის შესახებ კი, ის ყველაზე ნაკლებად ფიქრობს.

როდესაც ეკლესიას აკრიტიკებენ, მოთმინებით უნდა მოუსმინო, მოსაუბრეს გამოთქმის საშუალება უნდა მისცე. მნიშვნელოვანია მოისმინო კონსტრუქციული კრიტიკა. ზოგჯერ, შესაძლებლია ბოდიშიც კი მოიხადო ვინმეს მაცდუნებელ ქცევაზე, ან აშკარა უხეშობაზე – ეს ყველაფერი არსებობს ჩვენ საეკლესიო ცხოვრებაში და მისი უარყოფა შეუძლებელია. თუმცა, როდესაც დავიწყებთ პასუხის გაცემას ეკლესიით უკმაყოფილო ადამიანისთვის, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს კეთილსა და შემოქმედებითზე, თუ რით ცხოვრობს ეკლესია და რას ასწავლის – არც ამის უარყოფა შეიძლება. სრულიად თავისუფლად და რაც მთავარია, უფასოდ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ტაძარში მისვლა, მოისმინოს გალობა, ან ქადაგება, მონაწილეობა მიიღოს საკვირაო ტრაპეზში, შვილები მიიყვანოს რომელიმე შემოქმედებით, ან სპორტულ სექციაში. როგორც იტყვიან, მთავარია, სურვილი იყოს და გულში მეტი სიყვარული. ვერავის დავეთანხმები, რომ ასობით ტაძარში თავისი მოსაწონი ვერავინ იპოვა და ათასობით მღვდელში  – მამა და მოძღვარი.

ეკლესიის კრიტიკა მძაფრდება იაფფასიან მედიაში, თოქ-შოუსა და ინტერნეტის ჭორებსა და სიცრუეში. ნორმალურმა ადამიანმა ასეთი წყაროებიდან თავი შორს უნდა დაიჭიროს. არ უნდა გადაიქცე საინფორმაციო სანაგვედ. ადამიანი არ არის ნაგვის კონტეინერი. საჭიროა საუბარი იმაზე, თუ რა არის კარგი და სასარგებლო ეკლესიაში, ვიდრე უვარგისი და მაცდუნებელი. ეკლესია – ეს არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც ანდაზის არ იყოს, ერთი უშნოს გარეშე არ არსებობს. შეცდომების აღიარება მხოლოდ აამაღლებს ეკლესიის ავტორიტეტს საზოგადოების ცნობიერებაში, ისევე როგორც მისი მართალი სახარებისეული სიტყვა.

ეკლესია – ბოძი და სიმტკიცეა ჭეშმარიტების და შეუძლებელია ის ცდებოდეს და არ საუბრობდეს სიმართლეს. მაშინ, ეს ეკლესია აღარ არის. ეკლესიის მეთაურია ქრისტე და ის მის მიერ არის დაარსებული. ამიტომ, ეკლესია არავის დაცვას არ საჭიროებს. პირიქით, ის იცავს ყველას, ვინც მის წიაღში შედის, რომელსაც სურს შეიცნოს ჭეშმარიტება და დაიმკვიდროს საუკუნო ცხოვრება.

დეკანოზი ანდრეი ოვჩინიკოვი