“შიშები, ე.წ. განხეთქილების საფრთხესთან დაკავშირებით უსაფუძვლოა”ივნისი 19, 2018

ფოთის ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა, რომელზეც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმაეკლესიაში არსებულ სირთულეებზეგაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ ამონარიდს კრების წევრებისადმი მისი შესავალი სიტყვიდან:

“რით არის გამოწვეული ხალხში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ეკლესიაში საქმე რთულად არის? ან რა საფუძველი აქვს საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვაობას ამ თემის ირგვლივ?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად რამდენიმე საკითხს გამოვყოფთ:

  1. ადამიანები არ (ან ცუდად) იცნობენ კანონიკურ სამართალს და ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას; ნაკლებად აცნობიერებენ წმიდა სინოდის როლს და მნიშვნელობას ეკლესიის ცხოვრებაში.
  2. არაერთი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში ე.წ. ციანიდის საქმემ და ეს კითხვები პასუხგაუცემელია დღემდე.
  3. მას შემდეგ, რაც დასახელებულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, ეკლესია აღმოჩნდა უჩვეულო მოლოდინის რეჟიმში; ამის ლოგიკური გაგრძელებაა კულუარული თუ მედია სივრცეში გამართული საუბრები და ინტერპრეტაციები იმის შესახებ თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, როგორია სინოდში ძალთა გადანაწილება და ა.შ. რაც ცოცხალი პატრიარქის პირობებში, ერთი მხრივ, დიდ უხერხულობას ქმნის, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს გახლავთ ერთგვარი კანონზომიერი გამოძახილი დაწყებული პროცესისა, მით უფრო, რომ განუზომლად დიდია საკითხის სულიერი და პოლიტიკური მნიშვნელობა.

ზემოთ აღნიშნული და რიგი სხვა საკითხებისა, ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს ეკლესიაში არსებული მდგომარეობის შესახებ და იწვევს გარკვეულ წუხილსაც. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ეკლესია, მრევლი მუდმივად იმყოფება ერთგვარ სტრესულ მდგომარეობაში, გაურკვეველი მოლოდინის რეჟიმში. ხალხში მუდმივი ინტერესია იმის შესახებ, თუ როდის შეიკრიბება წმიდა სინოდი. ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს, მრავალ მიზეზთა გამო, დიდი ინტერესით და ყურადღებით აკვირდება თვით სახელმწიფოც.

სამწუხაროდ, მოარული ხმებით პერიოდულად ვრცელდება ხოლმე აზრი, თითქოს, სინოდში მდგომარეობა ისეა დაძაბული, რომ ეკლესია შეიძლება განხეთქილების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

წმიდა სინოდის წევრთა შორის რიგ საკითხებზე მართლაც არსებობს ურთიერთგანსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა თემატურ საკითხში, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია და ამისთვისაც იკრიბებიან მღვდელმთავრები, რომ იმსჯელონ ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე, ერთმანეთის პოზიციები დაუახლოვონ და შეაჯერონ; მაგრამ ამის საპირისპიროდ, სავსებით არაჯანსაღ მოვლენასთან გვაქვს ხოლმე საქმე, როდესაც მავანნი მზად არიან ეკლესიის და/ან პატრიარქის პერსონალურ მტრად შერაცხონ ხოლმე ადამიანი, თუ მას აქვს ეკლესიაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრისადმი განსხვავებული ხედვა ან პოზიცია; ასეთ შემთხვევაში აღარ დაგიდევენ არც ქრისტიანულ ეთიკას, არც კანონიკური სამართლის ნორმებს, არც სუბორდინაციას. ასეთი მიდგომები და, მით უფრო, ქმედებები პირწმიდად არის ავტორიტარული რეჯიმისთვის დამახასიათებელი მენტალობის მანიშნებელი.

ასე რომ, შიშები, ე.წ. განხეთქილების საფრთხესთან დაკავშირებით, გახლავთ უსაფუძვლო, არ ასახავს სინამდვილეს და წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს.”

ვრცლად წაიკითხეთ აქ