ეკლესია ბართლომე და ბარნაბა მოციქულებს იხსენებსივნისი 24, 2018

24 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოციქულებს – ბართლომესა და ბარნაბას იხსენებს.

წმიდა მოციქული ბართლომე, ათორმეტთაგანი, კანას გალილეიდან იყო. უფლის მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი. სირიასა და მიზიაში მოგზაურობისას უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ.

ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე; იყო დიდ სომხეთშიც, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერებით აღსავსე ხელმწიფემ მოციქულს ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ წმიდანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: მე ადამიანთა სულების ხსნისთვისღა ვიღვწიო. მაშინ პოლიმიოსი დედოფალთან, განკურნებულ მეფის ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად მოინათლა. მათ მაგალითს დიდი სომხეთის ბევრმა მკვიდრმა მიჰბაძა. ამით შეშფოთებული ქურუმების შეგონებით მეფის ძმამ, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაღმა აცვა ჯვარს. აღსასრულს მიახლებული უფლის რჩეული არ წყვეტდა სახარების ქადაგებას. მაშინ გამხეცებულმა ასტიაგმა ბრძანა, ჯერ ტყავი გაეძროთ ნეტარისთვის, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ.

მორწმუნეებმა მისი ცხედარი ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაკრძალეს. დაახლოებით 508 წელს ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ დარში გადაასვენეს. როცა 574 წელს ქალაქი სპარსელებმა აიღეს, ქრისტიანებმა ხელთ იპყრეს მოციქულის ნაწილები და შავი ზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.

წმიდა მოციქული ბარნაბა კუნძულ კვიპროსზე დაიბადა მდიდარი ებრაელების ოჯახში. ახალშობილს იოსები დაარქვეს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა იგი სასწავლებლად იერუსალიმში გაგზავნეს და იმ დროისთვის ცნობილ შჯულისმეცნიერ გამალიელს მიაბარეს აღსაზრდელად. წმინდანთან ერთად სწავლობდა და მეგობრობდა სავლე (შემდგომში მოციქული პავლე). მას თავად იესო ქრისტესგან ეხარა ღვთის სიტყვა და სიხარულით თან გაჰყვა მას. ქრისტეს მოციქულებმა იოსებს ბარნაბა დაარქვეს, რაც ებრაულად „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს. ბარნაბა იესოს 70 უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მან გაყიდა კუთვნილი მიწები და მიღებული საზღაური მოციქულთა ფერხთით დადო (საქმე 4,36-37).

ბარნაბამ კვიპროსზე გაამრავლა ქრისტეს სამწყსო, შემდეგ კი რომში ჩავიდა, სადაც, შესაძლოა, პირველად მან იქადაგა ქრისტიანობა;

მოციქულმა ბარნაბამ დააფუძნა საეპისკოპოსო კათედრა მედიოლანში (მილანში), შემდეგ კვლავ კვიპროსს დაუბრუნდა. გამხეცებულმა იუდეველებმა წარმართები აღძრეს მის წინააღმდეგ. მოციქული ქალაქგარეთ გაიყვანეს, ქვებით ჩაქოლეს და მისი ცხედარი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს. როცა ბრბო დაიფანტა და კოცონიც ჩაიფერფლა, მარკოზი მივიდა ამ ადგილას, ბარნაბას უხრწნელი ცხედარი გამოქვაბულში დაკრძალა და, მოციქულის ანდერძისამებრ, მისივე ხელით გადაწერილი მათეს სახარება დაადო გულზე.

ბარნაბა ქრისტეს აქეთ დაახლოებით 62 წელს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. მისი დაკრძალვის ადგილი თანდათანობით დავიწყებას მიეცა, თუმცა აქ მრავალი ნიში და სასწაული აღესრულებოდა. ბოლოს, 448 წელს, იმპერატორ ზენონის დროს კვიპროსის მთავარეპისკოპოს ანთიმოზს სამჯერ გამოეცხადა ძილში და თავისი საფლავის ადგილსამყოფელზე მიანიშნა. კვიპროსელმა ქრისტიანებმა ბარნაბას უხრწნელი ცხედარი და მის გულზე დასვენებული სახარება იპოვეს. კვიპროსის ეკლესიას სწორედ ამის შემდეგ ეწოდა სამოციქულო. ამ დროიდან მიიღო მან პატრიარქის დამოუკიდებლად არჩევის პატივიც.