“ნურავინ ელოდება ეკლესიაში რევოლუციას – ეს აბსოლუტურად სხვა სივრცეა”ივნისი 26, 2018

ნურავინ ელოდება ეკლესიაში რევოლუციას – ეს აბსოლუტურად სხვა სივრცეა, სხვა გარემოა. დიახ, ცვლილებებს ველოდებით, ცვლილებები აუცილებელია, ცვლილებები გარდაუვალია. ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. აღნიშნული ქადაგება ეპარქიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ერთი რამ გახსოვდეთ! ნურავინ ელოდება ეკლესიაში რევოლუციას – ეს აბსოლუტურად სხვა სივრცეა, სხვა გარემოა. დიახ, ცვლილებებს ველოდებით, ცვლილებები აუცილებელია, ცვლილებები გარდაუვალია; ცხოვრება დინამიკაშია, მოძრაობაშია, ერთ თაობას მეორე თაობა ცვლის, ერთ კანონს მეორე კანონი ცვლის, იცვლება ცალკეულ ადამიანთა განწყობები და დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ. ასეა ეს! ყოველ დღეს თავისი პასუხი სჭირდება და ჩვენ ვეცდებით სათქმელი ვთქვათ და საკეთებელი ვაკეთოთ. რამდენადაც ეკლესია ღმრთივსულიერი ერთობაა, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ და ვეცდებით კიდევაც, რომ საკამათო საკითხებში, თუნდაც ძალიან მტკივნეულ და პრობლემურ საკითხებშიც კი ჩვენს სულიერ შვილებს მაგალითი მივცეთ იმისა, თუ როგორ ვიმსჯელოთ, თუნდაც ვიკამათოთ ისე, რომ ყოველი სიტყვა და ყოველი ქმედება ჩვენი ორიენტირებული იყოს ჩვენი სულიერი ერთობის განმტკიცება-გაძლიერებაზე და არა დაყოფა-დანაწევრებაზე. ეს ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც სხვა ალტერნატივა არსებობს!” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.