საპატრიარქო ემიჯნება “ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას”ივლისი 3, 2018

საქართველოს საპატრიარქო 6 ივლისს, თბილისის სპორტის სასახლეში დაგეგმილ “ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას” ემიჯნება და აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს, აღნიშნული ყრილობა მიტროპოლიტ იობის კურთხევით იმართება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“როგორც ჩვენთვის მასმედიის საშუალებით ახლახანს გახდა ცნობილი, ა.წ. 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში, იგეგმება „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს. ასევე გაკეთდა  განაცხადი ამ ღონისძიებასთან მიმართებაში კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. შეკრების მიზნებსა და გეგმებზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩვენთვის ა.წ.  2 ივლისს გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, მას ვემიჯნებით.

კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკური ხასიათის ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებული ვერ იქნება. ეს არის  საერო პირთა საქმე და მათი გადასაწყვეტი, მიიღონ მასში მონაწილეობა თუ არა” – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.