მეუფე იობი მამა გიორგის მიმართ საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებსივლისი 7, 2018

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი ეპარქიის “ფეისბუქის“ გვერდზე მისივე ეპარქიის მღვდელმსახურის მამა გიორგი აბდუშელიშვილის მიერ 3 ივლისს სატელევიზიო გადაცემა „რეაქციაში“ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მღვდელმსახურის მიმართ საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი ზომები გატარდება, მორწმუნეებს კი სიმშვიდისა და ლოცვისკენ მოუწოდებს.

„ა.წ. 3 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, კერძოდ, ქალბატონ ინგა გრიგოლიას საავტორო გადამეცაში „რეაქცია“ სტუმრად იმყოფებოდა ჩემი ეპარქიის წევრი, წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური გიორგი (აბდუშელიშვილი), რომელმაც ამავე ეთერში ისაუბრა მრავალ საკითხზე.

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებულ სასულიერო პირს არ შეუტყობინებია ჩემთვის გადაცემაში მონაწილეობის შესახებ, შესაბამისად, მან ჩემი სახელით ისაუბრა მრავალი ცილისწამება და სიცრუე, მიზანმიმართულად მიაყენა შეურაცხყოფა საპატრიარქოს, წმ. სინოდს და განსაკუთრებით მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს (იაკობაშვილი).

ორი დღის განმავლობაში ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, რომ გაეკეთებინა ახსნა-განმარტება ყოველივე იმაზე, რაც ისაუბრა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, რის გამოც შეყოვნდა ჩემი განცხადება და აღნიშნული საკითხისადმი პოზიციის დაფიქსირება. მასთან შეხვედრისა და გასაუბრების შემდეგ, მივიღებ საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე შესაბამის გადაწყვეტილებას.

სამწუხაროდ, ცილისმწამებლური კამპანია საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს, იწვევს ეკლესიაში და წმ. სინოდის წევრებს შორის დაპირისპირებას, რაც ემსახურება ბოროტ ძალთა ინტერესებს.

მართლმორწმუნე მამულიშვილნო, მოგიწოდებთ სიმშვიდისა და ლოცვისკენ, არ აყვეთ პროვოკაციულ განცხადებას, ვეცადოთ შევინარჩუნოთ ერთობა. „ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი აერთიანებს“. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი: იობი“ – ნათქვამია მეუფის განცხადებაში.