მიტროპოლიტი გრიგოლი დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამსივლისი 11, 2018

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო განცხადებას ავრცელებს და ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის მზადყოფნას ადასტურებს დაკავებულ დეკანოზს, მამა გიორგი მამალაძეს შეხვდეს და მისგან დამატებითი ინფორმაცია მოისმინოს, რის შესახებაც პატიმრის ადვოკატმა მიხეილ რამშვილმა განაცხადა. უცვლელად გთავაზობთ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნოს განცხადებას:

“მიმდინარე წლის 10 ივნისს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, ბატონმა მიხეილ რამიშვილმა, გაავრცელა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის განცხადება, რომლის თანახმადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ითხოვს მღვდელმთავრებთან შეხვედრას და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას, რაც კი მის მიმართ არსებობს და დღემდე პასუხგაუცემელია.
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს განსაკუთრებით სურს მეუფე გრიგოლთან შეხვედრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი ითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას და მზაობას გამოთქვამს, უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულოს მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და მოისმინოს მისგან ის დამატებითი ინფორმაცია, რაც (პატიმრის სიტყვის მიხედვით) დღემდე პასუხგაუცემელია.

იმის გამო, რომ ამ საქმისადმი საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, მეუფე გრიგოლი პასუხს გასცემს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან (თუ ეს თვით მამა გიორგის სურვილი იქნება), ასევე, საზოგადოდ, ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო. 11.07.2018.” – ნათქვამია განცხადებაში.