12 ივლისი პეტრე-პავლობააივლისი 12, 2018

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში10.00 საათზე, დაიწყებს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ 38 დღიანი მარხვა უძღოდა, რომელიც წელს 4 ივნისს დაიწყო და პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სრულდება.

ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით ის თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც იესო ქრისტემ მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.