პატრიარქმა პეტრე-პავლობის დღესასწაულზე უფალს მსოფლიოში მშვიდობა შესთხოვაივლისი 12, 2018

დღეს როცა ასეთი რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, როცა მშვიდობა და წინააღმდეგობა ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენ შევთხოვთ უფალს, წმინდა პეტრე და პავლეს ლოცვებით ღმერთმა მისცეს სოფელსა მშვიდობა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს ღვაწლზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ისინი მსოფლიოს დიდი მოციქულები და მოძღვრები არიან.

უწმინდესმა ქადაგების დასაწყისში განაცხადა, რომ პეტრე–პავლობის დღესასწაული განსაკუთრებულია და მიმართა მრევლს სამჯერ ეგალობათ პეტრე–პავლეს ტროპარი.

„ეს ორი მოციქული არის მსოფლიოს მოძღვარნი, დიდნი მოციქულნი, დიდნი მოძღვარნი და ჩვენ შევთხოვთ, რომ მაცხოვარს ყოველთასა ევედრნენ, რათა მოსცეს უფალმა სოფელსა შინა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა“, – განაცხადა უწმინდესმა.

მისივე თქმით, უფალმა იესო ქრისტემ პეტრე მოციქულს მიმართა, რომ იგი იყო კლდე და ამ კლდეზე ააშენებდა ეკლესიას, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.

„აი, დღეს, როცა ასეთი რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, როცა მშვიდობა და წინააღმდეგობა ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენ შევთხოვთ უფალს, წმინდა პეტრე და პავლეს ლოცვებით ღმერთმა მისცეს სოფელსა მშვიდობა. ეს არის ორი სვეტი – პეტრე და პავლე. პეტრე, რომელმაც უარყო სამჯერ ქრისტე, მერე ამბობს მე რა ღირსი ვარ ისე ჯვარს მაცვან როგორც ქრისტე, თავდაღმა მაცვითო და პეტრე მოციქული ჯვარზე გააკრეს თავდაღმა. პავლე მოციქულს, როგორც რომის მოქალაქეს, მას თავი მოკვეთეს. წყალობა, მშვიდობა, სიხარული, მათი ლოცვით მოგვმადლოთ უფალმა, დიდი წყალობა მოაქვს ჩვენთვის პეტრეს და პავლეს და ჩვენ მადლობელი ვართ ამ დიდი წყალობისთვის“, – განაცხადა უწმინდესმა.