სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხზე სამუშაო შეხვედრები დაიწყოივლისი 12, 2018

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელია შესული, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფის ფარგლებში საგნის სწავლების მიზნებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

“სამუშაო შეხვედრები დაიწყო. კომუნიკაცია შედგა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს საგნის სწავლების მიზნები, შემდეგ უნდა შეჯერდეს ჯგუფი სტანდარტებზე და ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ სარეკომენდაციო პროგრამაზე. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჯგუფის ფარგლებში სწორედ მიზნებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ჯერ რაიმე კონკრეტულს ვერ გეტყვით, ვინაიდან ჩატარებული შეხვედრები ძირითადად, სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვას და მიზნების განსაზღვრას ეხებოდა. განხილვებში ჩართულია ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება სავარაუდოდ, 2018-2019 წლის მეორე სემესტრიდან, ან მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა.