15 ივლისს ვლაქერნას ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულიაივლისი 15, 2018

15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნას ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით ზუგდიდში აღნიშნავენ.
დადიანების სასახლის მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს და რამდენიმე წმინდანის წმიდა ნაწილს გამოაბრძანებენ. სიწმინდეებს საღვდელმთავრო წირვისთვის მსვლელობით ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საეპისკოპოსო ტაძარში გადასვენებენ. მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლების შესაძლებლობა ექნებათ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ღვთისმშობლის კვართი, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახებოდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოაბრძანეს; მეორეს მიხედვით კი – მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.

კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.
ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.