“ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულს სურს, სინოდის წინაშე წარდგესივლისი 30, 2018

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევის შემთხვევაში, სურვილი აქვს, სინოდის წინაშე თავადაც წარსდგეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. ადვოკატმა დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მოინახულა. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საუბრის თემა მეუფე გრიგოლთან შეხვედრა იყო.

„ვისაუბრეთ მეუფე გრიგოლთან შეხვედრაზე, რომ ყველაფერზე გასცა პასუხი და თვითონაც განცვიფრებულები დარჩნენ. სწორედ ამიტომ ითხოვს მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის სხდომის მოწვევას, რათა ყველასთვის ყველაფერი ცნობილი გახდეს და ამ თემაზე კითხვები აღარ დარჩეს. თვითონ თუ მისცემენ საშუალებას და იქნება მოთხოვნა, აქვს სურვილი, რომ წარსდგეს წმინდა სინოდის წინაშე თავადაც“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, ადვოკატისთვის უცნობია, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება წარსდგეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული წმინდა სინოდის სხდომაზე.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში 24 ივლისს იმყოფებოდნენ.