დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – “საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გასაუქმებელია”ივლისი 31, 2018

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გასაუქმებელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერმარიხუანას მოხმარების საკითხის კომენტირებისას სასულიერო პირმა განაცხადა, რომ არ შეიძლება ოთხი მოსამართლე, თავისი გაუგებარი ლოგიკით, 4 მილიონი მოქალაქის ნებას უგულვებელყოფდეს.

„მოსალოდნელი იყო მსგავსი ნაბიჯები. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს“, – განუცხადა „იმედს“ ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.