მეუფე გიორგი – ” ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ღვთის სასჯელი არ დააყოვნებს”ივლისი 31, 2018

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციით სასამართლომ საშვილიშვილო დანაშაული ჩაიდინა.

მისივე განცხადებით, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ღვთის სასჯელი არ დააყოვნებს მათზე და თუნდაც ერზეც, რომელიც უკვე ყოვლის შემგუებელი გახდა. აღნიშნული განცხადება მეუფემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

“მინდა გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჯერ იყო და, ამას წინათ, ამ სასამართლომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმდეგ მიიღო ანტიეკლესიური გადაწყვეტილება – მან ფაქტიურად, გააუქმა კონკორდატის ერთერთი მუხლი; ეს არ იკმარა და ახლა მიიღო ანტისახელმწიფოებრივი კანონი მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ და ამით საშვილთაშვილო დანაშაული ჩაიდინა. საერთოდ, ჭეშმარიტი სამართალი და კანონიერი დადგენილებები სათავეს იღებს ბიბლიური, სახარებისეული, ღვთივდადგენილი ზნეობრივი ნორმებიდან, სადაც ადამიანს მცნებად მიეცა: არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო და ასე შემდეგ და ეს იქცა კანონად. ცხადია, ეს აკძალვები ვერ მოსპობს სრულად ამ ყოველივეს და არც თითოეული ჩვენთაგანია დაზღვეული ცოდვისაგან, მაგრამ, მინიმუმ, ღვთის წინაშე გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას დანაშაულისა და ცოდვისადმი, რომ ადამიანი ერიდოს ამ ყოველივეს და სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს აღმართული თავისი სამართლიანი მახვილი, ამის ნაცვლად როცა სახელმწიფო ცოდვას აკანონებს, როგორც ზნეობრივი ნორმას, ეს დანაშაულია ღვთისა და ერის წინაშე. ჩვენი დუმილი კი დანაშაული ჩვენი მომავალი თაობების წინაშე. მე, როგორც მართლმადიდებელი მღვდელთმთავარი ღვთის მოწყალებით, მისი უზენაესი საყდრისა და საკურთხეველის წინაშე მდგომელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაძლო – მათ უკან მდგომმა პირებმა არ შეინანეს და თავისი ხელით არ გაუქმეს ეს უკანონობა – ღვთის სასჯელი არ დააყოვნებს მათზე და თუნდაც ერზეც, რომელიც უკვე ყოვლის შემგუებელი გახდა” – წერს მეუფე გიორგი.