მსოფლიო პატრირქი, საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი და რომის პაპი პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავენაგვისტო 1, 2018

2 აგვისტო სრუილიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ანგელოზის დღეა. ამასთან დაკავშირებით პატრიარქს მისალოცი ბარათები გამოუგზავნეს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ და რომის პაპმა ფრანცისკემ.

“უნეტარესო და ქრისტესმიერ უსაყვარლესო ძმაო, მადლობას შევწირავთ უფალს დიდებისას, რომ გვაქვს სიხარული და პატივი უკვე მრავალი წელია დავუკავშირდეთ თქვენს უნეტარესობას თქვენი სახელობის წმინდანის დღესთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობისა, წმინდა ერთარსი და განუყოფელი სამების სახელით. მსოფლიო საპატრიარქოს კათედრიდან, რომელიც დასაბამიდან იღწვის უფლის სხეულის – ეკლესიის ერთიანობისათვის, გიგზავნით გულითად მოლოცვას, და შევთხოვთ უფალს, რომ მოგანიჭოთ მრავალჟამიერ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რათა კიდევ დიდხანს განაგრძოთ თქვენი მაღალმსახურება, მისი ეკლესიის გასაძლიერებლად და პირველ რიგში ჩვენი მხსნელი უფალი იესო ქრისტეს სახელის სადიდებლად. ის პოლა ეტი, უნეტარესო ძმაო!” – წერს მსოფლიო პატრიარქი.

“უნეტარესო და უწმიდესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო ძმაო და თანამწირველო ბატონო ილია, ძმური სიყვარულით გეხვევით და მოგახსენებთ.

ვსარგებლობთ რა თქვენი უნეტარესობის მოსახელე წმინდანის ილია თეზბიტელის ხსენების დღის მოახლოებით, დიდი სიხარულით გიკავშირდებით აღნიშნული სინოდალური წერილით ამიტომაც, პირადად, მე და საბერძნეთის სამთავარეპისკოპოსოს წმინდა სინოდი და მთლიანად მისი შემადგენლობა, გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ ურყევ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ნეტარ ცხოვრებას.

ყველანი შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა წინასწარმეტყველი ილიას მეოხებით, მისცეს თქვენს უნეტარესობას და თქვენს წმინდა ეკლესიას ძალა ჭეშმარიტი სწავლების დასაცავად, რათა მომავალშიც წარუძღვეთ საქართველოს მოძმე ეკლესიას სიბრძნით და გონიერებით, მისი სულიერი აღმავლობისთვის, კათოლიკე ეკლესიის სტაბილურობისა და ერთიანობისათვის და წმინდა სამების სადიდებლად. გეხვევით ჩვენო უსაყვარლესო ძმაო აღვსილნი სადღესასწაულო განწყობითა და უფლისმიერი სიყვარულით” – აღნიშნულია სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსის მისალოც წერილში.

“თქვენი ზეციერი მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის ელიას ხსენების დღე წელსაც ნანატრ შესაძლებლობას მაძლევს გულითადი სალამი და საუკეთესო სურვილები გადავცე თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას. ღრმა მადლიერების გრძნობით ვიხსენებ საქართველოში ჩემი დაუვიწყარი ვიზიტის დროს ჩვენს მიერ ერთმანეთისთვის მიცემულ პირობას, ვილოცოთ ერთურთისათვის. ვარწმუნებ თქვენს უწმინდესობას, რომ ერთგულად ვიცავ ამ პირობას, ვინარჩუნებ თქვენთან სულიერ სიახლოვეს და ვიმედოვნებ, რომ თქვენც ლოცულობთ ჩემთვის. შევთხოვ ღმერთს, რომ უხვად მოგმადლოთ თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და თქვენს მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა მიერ თაყვანცემული წმინდა ელიას მეოხებამ შეგვაძლებინოს შემდგომი წინსვლა სრული უფლისეული ერთობისაკენ. კიდევ ერთხელ ვუდასტურებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს უღრმეს პატივისცემას და ჩვენი საერთო უფლის, იესო ქრისტეს სახელით, გიძღვნით ძმურ ამბორს.” – აღნიშნაულია რომის პაპის ფრანცისკეს მისალოც წერილში.