პატრიარქი – “ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება”აგვისტო 19, 2018

ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ ჩვენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა სრულიად საქართველოს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ იქადაგა. “გილოცავთ ფერიცვალების დღესასწაულს. სახარებაში ნათქვამია, რომ უფალმა წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე. მათ წინაშე სამოსელი ბრწყინავდა, როგორც მზე. დაეშვა ღრუბელი და ხმა იყო ზეციდან – ესე არს ძე ჩემი საყვარელი.

ეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს. არ შეიძლება ადამიანი ერთ ადგილზე იყოს. ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, ან მაღლა მიდის ან დაბლა ეშვება. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა მოგვცეს, რომ ვიაროთ სრულყოფის კიბეზე. ეს აუცილებელია.

ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ იმისთვის რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ ფერიცვალების ღირსი გავხდეთ ჩვენ”, – მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა.