“ავტოკეფალია მიენიჭება უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაქმნელი”სექტემბერი 8, 2018

ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ უკრაინას მიენიჭა ავტოკეფალია, ეს არ იქნება მხოლოდ კიევის საპატრიარქიოსთვის ავტოკეფალიის მინიჭება; უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალია მიენიჭება უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას. ანუ, იმ ეკლესიას, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაქმნელი. ამის შესახებ „ინტერეპრესნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინელმა პოლიტოლოგმა, პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ფესენკოგანაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება თვითმიზანი კი არაა, არამედ მექანიზმია იმისთვის, რომ ამის შემდეგ დაჩქარდეს დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის მშენებლობა.

„სპეციალისტების შეფასებით, უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიაში შევა კიევის საპატრიარქო, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე სხვადასხვა ეკლესიები. არავის შეუძლია იმის თქმა, მასში მოსკოვის საპატრიარქოს რამდენი ეკლესია შევა. თუმცა, პროცესი რომ ამ მიმართულებით განვითარდება, უკვე ცხადია. უკრაინის გაერთიანებული ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიას და არა მხოლოდ კიევის საპატრიარქო, რომელიც კონსტანტინეპოლის პროტექტორატის ქვეშ იქნება. მხოლოდ უკრაინის გაერთიანებული ეკლესიები მიიღებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. გარდა ამისა, არ აიკრძალება უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიების საქმიანობა.

ასე რომ, მორწმუნეებს შორის განხეთქილებაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებულია. როცა ვამბობ, რომ რუსეთში, ისევე როგორც 2014 წელს, უკრაინაში არსებულ ვითარებას არადეკვატურად აფასებენ, ეს უკრაინაში რელიგიურ საკითხსაც ეხება.

რა თქმა უნდა, უკრაინაში არიან მაიდანის აქციების შედეგად ქვეყანაში განვითარებული პროცესების მოწინააღმდეგეები, არიან ისეთებიც, ვინც მზადაა დაიცვას უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია, მაგრამ, ვიმეორებ, მათ დასაცავი არც არაფერი ექნებათ, ვინაიდან უკრაინაში მოსკოვის ეკლესიების აკრძალვას არავინ აპირებს.“ – განაცხადა ვლადიმერ ფესენკომ.

IPN.GE