მარიხუანას საქართველოში წარმოების თემაზე საპატრიარქო პოზიციას ხვალ დააფიაქსირებსსექტემბერი 11, 2018

საქართველოში მარიხუანას წარმოების საკითხი, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობას შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. კონფერენცია ხვალ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება. ამის შესახებ”ინტერპრესნიუსს” პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მამა მიქაელის განცხადებით, კონფერენციის მოწყობა საპატრიარქომ ზაფხულში დაგეგმა, თუმცა საქართველოში მარიხუანას წარმოების შესახებ დრეს გავრცელებული ინფორმაციაც ამ კონფერენციაზე მსჯელობის საგანი გახდება და საპატრიარქო თავის პოზიციას იქ დააფიქსირებს.

“ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას დავანახოთ, რა დამანგრეველი შედეგი შეიძლება მოყვეს ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას. ამ კონფერენციაზე ეს საკითხი, რაც ახლა გახმაურდა, ერთ-ერთი ნომერ პირველი მსჯელობის საგანი გახდება”, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს.