მეუფე შიო – მთავრობის ინიციატივა მარიხუანას ექსპორტზე დიდ რისკებს შეიცავსსექტემბერი 12, 2018

პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, მთავრობის ინიციატივა მარიხუანას ექსპორტზე გატანის შესახებ დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არაა მზად აღკვეთოს არალეგალური კულტივაცია.

“ჩვენ ვფიქრობთ და ზოგადი პათოსი დღეს ასეთი იყო კონფერენციაზე, რომ ეს დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არ არის მზად აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაცია, რაც სამწუხაროდ, მოხდა ბევრ ქვეყანაში, სადაც იყო სამედიცინო კუთხით კულტივაცია”, – განაცხადა მეუფე შიომ.

მიტროპოლიტმა დღეს, ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა.

მისი თქმით, 4 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნულ თავისუფლებას უკავშირდება.

მეუფის თქმით, საკოსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვით, თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებას, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება, მითუმეტეს, რომ მარიხუანა გაეროს მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი და მისი მოხმარების სოციალური ზარალი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასებული.

“ყველა საკანონმდებლო აქტი საკუთარ თავში უნდა მოიცავდეს ზნეობის და საზოგადოების სიკეთის გარკვეულ მოდელირებას – ეს გადაწყვეტილება რას გვიქადის მომავალში? ამ ლოგიკით შესაძლებელია მომავალში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება განიხილებოდეს თვითგანვითარების უფლებად. თვითგანვითერების ცნებას ჩვენს ცნობიერებაში გააჩნია სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური სრულყოფისკენ ლტოლვის შინაარსი. ნარკოლოგები ამტკიცებენ, რომ მარიხუანას მოხმარება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ განვითარების თავისუფლებას დაუკავშირა, ადამიანის თავის ტვინში სწორედ იმ რეცეპტორების სკდომას იწვევს, რომელიც მის ინტელექტუალურ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. იგი იწვევს ნაადრევ სიბერეს და ტვინის ფუნქციის აქტიურ დაქვეითებას. ამიტომაც საზოგადოების დიდ ნაწილს სამარათლიანად მიაჩნია, რომ საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილება ალოგიკური და არამეცნიერულია.

საქართველოს ეკლესია ამ შემთხვევაში განმარტავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას და გამოსწორდეს დაშვებული სარისკო ფაქტორები“, – განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.