14 სექტემბერი საეკლესიო ახალი წელიასექტემბერი 14, 2018

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება. სწორედ 14 სექტემბრიდან სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყება.

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმიდა ეკლესია “ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, ეს პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა ორმა მოვლენამ განაპირობა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: “სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე … ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული”. ასევე, 312 წლის 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება მიაყენა მაქსენციუსს, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.