პატრიარქი – რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებსსექტემბერი 16, 2018

ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი იქნება მიღებული, არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთმამიგვატოვა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკეთედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, „ნარკოტიკები ძალიან საშიშია“. „ადამიანის ცხოვრება სავსეა განსაცდელით. ჩვენ ვხვდებით განსაცდელს რწმენით, მოთმინებით და იმედია, რომ ის განსაცდელი უფრო ადვილად განქარდება. განსაცდელი ალბათ საჭიროა ადამიანისთვის, ალბათ, უფლის განგებით უფრო მტკიცდება ადამიანი, მყარდება ადამიანი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი მთავრდება სიხარულით. განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება. აი, ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისეც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ნარკოტიკები ძალიან საშიშია“, – განაცხადა კათოლიკოს პატრიაქმა.

„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე“,- განაცხადა პატრიარქმა.

„მე როცა ვიყავი მიტროპოლიტი აფხაზეთისა, ჩემს პატრიარქობამდე, იქ ბრძანდებოდა აფხაზი ქალბატონი, პირველი ქირურგი აფხაზი ქალი და ეს აფხაზი ქალი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა, რომ უფროსი შვილი კარგიაო და უმცროსი, მე სახელიც კი მახსოვს, ნური ერქვა, ნარკოტიკებით არის გატაცებულიო. როგორ იქნება მშობელი, როცა შვილს გააქვს ოჯახიდან ნივთები და ყიდის იმისათვის, რომ შეიძინოს ნარკოტიკები. ეს ქალბატონი, ასეთი პატივცემული, იმცირებდა თავს და მიდიოდა ნაცნობებთან და სთხოვდა მათ ნარკოტიკებს ან ფულს, რომ მიეცა თავისი შვილისთვის და მე მეუბნებოდა, რომ ჩემი უფროსი შვილი მიჯავრდება მე, რატომ აძლევ ნარკოტიკებს, მე ვიცი, რას ნიშნავს ნარკომანია, რომ არ მივცე ნარკოტიკი, შეიძლება, უბედურება ჩაიდინოსო. შემდეგ მოვიდა ჩემთან ეს ქალბატონი და მითხრა, რომ არსებობს ასეთი სამკურნალო ცხინვალში და იქ უნდა წავიყვანოო. საშინელი წამება იყო იქ, საწოლზე დაბმული იყო ავადმყოფი და თანდათან აკლებდნენ ნარკოტიკებს. მე ეს მაგალითი მოვიტანე იმისათვის, რომ ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს, მაგრამ ნარკოტიკები, ნარკომანია იკურნება, იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ან იმ ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი, რომ განიკურნება. ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა განკურნოს ისინი“, – განაცხადა პატრიარქმა.

„არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს“, – აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე.

როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ხელისუფლებამ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედოს ღნიშნულ პროცესს. „ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია, რადგან სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად შემოსავალი ექნება ქვეყანას, რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესია, ხალხი ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი. ღმერთმა მოგცეთ მადლი. ღმერთთმა მისცეს მადლი საქართველოს და ყოველ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ამ სენით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას, იმათ არანაკლებად უყვარს, არანაკლებად სტკივა გული. იმედია, რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი, მშვიდობით“,- განაცხადა პატრიარქმა.