საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მარიხუანას თემაზე პოზიცია არ დაუთმიასექტემბერი 18, 2018

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მარიხუანას კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ერთსულოვანია.

საპატრიარქო კანონპროექტს განცხადებით ეხმაურება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება.

„მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას.

ეს არის ეკლესიის საერთო განწყობა და უცვლელი დამოკიდებულება, რადგან მისი შედეგები ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მეტად სავალალო“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.