დეკანოზი ლევან მათეშვილი – მღვდლებო, ყველგან იქადაგეთ ქრისტე და მისი სიმართლესექტემბერი 24, 2018

დეკანოზი ლევან მათეშვილი სასულიერო პირებს ქრისტეს ქადაგებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მღვდლებმა ამისთვის ყველა არსებული სივრცე უნდა გამოიყენონ. ამასთან დაკავშირებით, დეკანოზი ლევან მათეშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

“ძველ ეკლესიაში ყველა არ მოციქულობდა, ყველა არ მოძღვრობდა, ყველა არ ქადაგებდა. თანამედროვე ეპოქაში ზოგიერთ ეკლესიაში ახალნაკურთხ მღვდელს ქადაგების უფლება არ აქვს, სანამ არ დაღვინდება. ჩვენში ეს წესი არ მოქმედებს, შესაბამისი შედეგებით. თუმცა რახან ისე არის როგორც არის , მღვდლობა და ქადაგება განუყოფელი პიროვნული სივრცეა. თუ მღვდელი ხარ უნდა იქადაგო ყველგან – საქმითაც და სიტყვითაც, რა თქმა უნდა, ქრისტე და არა სხვა რამ! ეს ეხება ამბიონსაც ,სატელევიზიო, სოციალურ ქსელებსაც, თუ სამეზობლოსაც. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მღვდლის სატელევიზიო გამოსვლა არავითარ სპეციალურ სანქციას არ მოითხოვს მღვდელმთავრისგან, რადგან თუკი მან ადამიანს მღვდლობა ანდო, სატელევიზიო ეთერს როგორღა არ ანდობს? ( თუ მღვდელი ტელევიზიაში სისულელეებს ამბობს,მაშინ ეთერში გამოსვლა კი არ უნდა აუკრძალო, არამედ მღვდლობა), მღვდელს რომ ქადაგების უფლებაში ზღუდავ , ე.ი მღვდლობაში ზღუდავ, აღარ ვგულისხმობ გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას.
პ.ს. მღვდლებო, ყველგან იქადაგეთ ქრისტე და მისი სიმართლე, ყველა თემიდან მსმენელი და მაყურებლის გულები მიიყვანეთ ქრისტემდე და ვინც შეგზღუდავთ თქვენს ძირეულ უფლებაში, მაშინ მას თავად უფალი ეტყვის: წარვედ ჩემგან შე სასყიდლით დადგინებულოო” – წერს დეკანოზი ლევან მათეშვილი.