ათონის მთის დელეგაციის ხელმძღვანელი – ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე გულთბილად დაგვხვდებოდნენ საქართველოშისექტემბერი 30, 2018

საქართველოში მყოფი ათონის მთის დელეგაცია ათანასე დიდის ლავრის წინამძღვრის პროდრომოსის მეთაურობით, გაოცებულია იმ გულთბილი დახვედრით, რომელიც საქართველოში მოუწყეს და ამბობს, რომ ეს ვერც კი წარმოედგინათ.

მან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, სამღვდელობას და საქართველოს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. პატრიარქის საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ წინამძღვარმა პროდრომოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მართლმადიდებელ მრევლს სამების საკათედრო ტაძრიდან მიმართა.

“უღრმესი მადლობა თქვენო უწმინდესობავ ასეთი გულითადი დახვედრისთვის. ჩვენი მხრიდან მინდა გადმოგცეთ ღვთისმშობლის კურთხევა, საიდანაც ჩვენ მოვდივართ. როგორც ცნობილია მეათე საუკუნიდან განსაკუთრებული კავშირები არსებობს საქართველოსა და ათონის წმინდა მთას შორის. მოგეხსენებათ, რომ წმინდა ათანასე ათონელის დედა გახლდათ კოლხი ქალბატონი და სწორედ მისი დახმარებით და შეწევნით ჩაეყარა საფუძველი ივერონის მონასტერს და წმინდა იოანე და ექვთიმე სწორედ იქიდან იღებენ სათავეს. ამიტომ ჩვენი ათონის მთისა და საქართველოს ურთიერთობა არის განსაკუთრებული და დიდ ისტორიას ატარებს.

მსურს ეს შემთხვევა გამოვიყენო და გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის პირადად თქვენო უწმინდესობავ, მღვდელმთავრებო და იერარქიავ. ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი გულთბილი დახვედრა იქნებოდა ჩვენს მიმართ და ამით ცოტა გაკვირვებულები და გაოცებულებიც ვართ. უღრმესი მადლობა და ღმერთმა ინების, რომ თუკი ადამიანური სისუსტეები გაგვაჩნია, ყველაფერი დარჩეს უკან, მოგვიტევოს ღვთისმშობელმა და იზრუნოს იმაზე თუ როგორ გახდება შესაძლებელი ჩვენი სამოთხეში მოხვედრა”, – აღნიშნა სტუმარმა.