მეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრას აპირებსსექტემბერი 30, 2018

მეუფე დიმიტრი გაურკვევლობაშია, არ არის ბოლომდე დარწმუნებული დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში, – ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებთან დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა, რომ მეუფე დიმიტრი გერმანიაში იმყოფება.

ამასთან, მისივე თქმით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნითაც მიმართა.

გორელიშვილის განცხადებებს მამალაძის ოჯახის წევრების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დეკანოზის ოჯახის წევრებმა მეუფე საკუთარი თავის პიარსა და უდანაშაულო მღვდლისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მეუფე დიმიტრისგან დუმილის დარღვევას ითხოვენ.

დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, მეუფე დიმიტრი საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად შეხვდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს. ოჯახის წევრების განცხადებით, შეხვედრებს აზრი აღარ აქვს. მათი თქმით, საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

როგორც პირველ არხს თორნიკე მამალაძემ განუცხადა, ხვალ თბილისში, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება და სამომავლო გეგმების შესახებ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

1tv.ge