მიტროპოლიტი თეოდორე – მარიხუანას საკითხზე ეკლესიის პოზიცია შეუვალიაოქტომბერი 4, 2018

ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აცხადებს, რომ ეკლესიის პოზიცია შეუვალია – არ შეიძლება საქართველოში კანონით იყოს დაშვებული მარიხუანას კულტივაცია: „შეიძლება სხვა ქვეყნებში მიზანშეწონილია სამედიცინო მიზნებისთვის, მაგრამ ჩვენი ქვეყანა როდესაც მეოთხე ადგილზეა ნარკოტიკებისადმი მიდრეკილი ადამიანების რაოდენობით, ვფიქრობ მის კულტივაციაზე საუბარიც კი ზედმეტია“ – განაცხადა მღვდელმთავარმა.

კითხვაზე, რატომ აიგივებს ნარკოტიკსა და მარიხუანას, მიტროპოლიტი პასუხობს: „არ არსებობს მსუბუქი და ძლიერი ნარკოტიკი – ყველა ნარკოტიკი არის ბოროტება, ყველა ნარკოტიკი არის ადამიანის დეგრადაციის გამომწვევი. მარიხუანაზე კი ამბობენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკია, მაგრამ რატომ არის მსუბუქი?! ის კლავს ტვინის უჯრედებს, პირდაპირ მოქმედებს ადამინის ფსიქიკაზე, ადამიანის გამრავლებაზე და კიდევ ძალიან ბევრ ფაქტორზე“.

მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ პარლამენტში პროექტის განხილვის შეჩერების მიზეზი მხოლოდ ეკლესიის პროტესტი არაა: „ეს არ იყო მხოლოდ ეკლესიის პროტესტი, ეს იყო საზოგადოების პროტესტი. კანაფის კულტივაციის პროექტზე ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და ხელისუფლებას – თავისი, მაგრამ ვერ ვიტყვი, ამ შემთხვევაში, რომ მთლიან ხელისუფლებას. ანუ ვერ ვიტყვი, რომ მთლიანი ხელისუფლება და ეკლესია სხვადასხვა მხარეს დგას“.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ ხელისუფლება აღნიშნულ კანონპროექტს განსახილველად პარლამენტში არჩევნების შემდეგ გაიტანს, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ არ იცის.

sknews.ge