14 ოქტომბერი – დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისაოქტომბერი 14, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს ”კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

უფლის ჯვარცმის შემდეგ, იესოს კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი ააგო, XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.