უკრაინის პრეზიდენტი – კიევი პატივისცემით მოეკიდება მორწმუნეების არჩევანსოქტომბერი 14, 2018

კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ილოცეს. მორწმუნეებს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიმართა.

პოროშენკოს თქმით, კიევი პატივისცემით მოეკიდება იმ მორწმუნეთა არჩევანს, ვინც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიის მრევლად დარჩენას გადაწყვეტს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მთავრობა დაიცავს იმ მღვდლებისა და მორწმუნეების უფლებებს, ვინც თავად აირჩევს მოსკოვის საპატრიარქოს მმართველობიდან გასვლას.

მორწმუნეებს სიტყვით კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მიმართა. მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გარეშე, დამოუკიდებელი უკრაინაც ვერ იარსებებს.

შეგახსენებთ, მსოფლიო საპატრიარქომ 11 ოქტომბერს გააუქმა იმ ბრძანებულების მოქმედება, რომლითაც XVII საუკუნეში კიევის მიტროპილია მოსკოვს დაექვემდებარა. ამით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო.

ამ ნაბიჯს რუსეთის საპატრიარქო მკაცრი განცხადებით გამოეხმაურა. მოსკოვში განაცხადეს, რომ კონსტანტინოპოლთან კავშირს გაწყვეტენ.

1tv.ge