მეუფე ზენონი – უკრაინის საკითხი გაცილებით დიდი დატვირთვის მქონეა, ვიდრე ეს ახლომხედველთ წარმოუდგენიაოქტომბერი 16, 2018

დმანისი-ტაშირისა და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველი, მთავარეპისკოპოსი ზენონი “ფეისბუქის” გვერდზე უკრაინის ავტოკეფალიის, რუსეთის ამ საკითხისადმი დამოკიდებულებისა და, ზოგადად, რუსეთის ეკლესიის უარყოფით როლზე საუბრობს:

“რატომ უნდა იყოს კიევის ეკლესიის ავტოკეფალურობა ტრაგედიის მიზეზი კეთილსინდისიერი და სამართლიანობისკენ მოწოდებული ღვთისმსახურისთვის, ეკლესიის ადმინისტრაციისთვის, მორწმუნე ერისთვის.
ქვეყანას სურს, რომ თავისი თავის ბატონ-პატრონი იყოს, სხვისას არ იტაცებს და სურს, რომ თავისი ქვეყნის მაკურთხეველი პირველიერარქი, თვთმყოფადი ეკლესიიდან ჰყავდეს. რომელი “მჭერმეტყველება” აღემატება ამ საღმრთო უფლებასა და პატივს.
სამარცხვინო საუბრები: დამცირება, ქილიკი, დეზინფორმაცია, დემაგოგია, სიძულვილი, ცილისწამება, ყოველდღიურად მოედინება მასმედიიდან, იერარქიიდან თუ რიგითიდან. შთაბეჭდილება იქმნება, თითქმის აღარაფერია მათთვის წმიდა. ცხადია, რომ ბოროტების იმპერიის ნაშთი არსებობს ჩვენს მეზობლად. ‘შოვინისტური, იმპერიალისტური რუსული ინტერესის” გარდა, მათთვის არავინ და არაფერი არსებობს. მეტი წინდახედულება და მრავალმხრივი მობილიზება ესაჭიროება საქართველოს, ასეთი პოტენციური მტრის გვერდით. თითქმის ილუზიას წარმოადგენს, საქართველოსა და რუსეთს შორის უახლოეს პერსპექტივაში ფუნდამენტური პოზიტივის გამოკვეთა. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის მოძულე და მედიდური სული , რომელიც მათთან იკითხება. ეს არის მათი სახელმწიფოს პროპაგანდისტულ- იდეოლოგიური და მემკვიდრეობით მიღებული “დამპყრობლობის სულის” შედეგი. ღვთის მსგავსად შექმნილი ადამიანისთვის მომაკვდინებელი სენი. ამისგან განკურნება, თითქმის სამყაროს შექმნის მსგავსი სასწაულია. უფალი თუ დაამდაბლებს მათივე სულის გამოსახსნელად. როგორც სჩანს, პროცესი იწყება, მაგრამ გაყინული სჩანს გულიც და გონებაც. სჩანს, წარსულის საბედისწერო შეცდომებზეც ვერ მიიღეს გამოცდილება. ევროპიდან გამოძევებული სოციალ-კომუნიზმი ბოლშევიზმით რომ გააზავეს და ენით გამოუთქმელი მონდომებით ღმერთის სახელი ჰგმეს. თვითმპყრობელი თავისი მეფეც არ დაინდეს და სამარცხვინოდ მოჰკლეს. რაც პოლიტიკურ რუქაზე გაჩნდა ეგ ქვეყანა, ყველა დროში ასიათასობით უდანაშაული ადამიანი ხოცეს, აცრემლეს, კარმიდამოდან აჰყარეს, ხიზნებად აქციეს და კიდევ მრავალი სხვა. და განა დღეს პოლიტიკურ რუქაზე ფაქტობრივად დამცრობილი საქართველო მათ ბოროტებას არ ამხელს?! აფხაზეთი, სამაჩაბლო, 2008 წლის ომი, ასიათასობით ლტოლვილი, მათ უსამართლობაზე, უღვთოობაზე და დეჰუმანურობაზე არ ღაღადებს?! რატომ არ იღებს ხმას მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიიდან (ოკუპირებული აფხაზეთი , სამაჩაბლო ), მცხეთის საყდრის იურისდიქციის ფაქტიური გამოძევების წინააღმდეგ. მაგრამ ვის წინააღმდეგ უნდა აღიმაღლოს ხმა, როდესაც თავად სჩადის ამ უკანონობას. რატომ არასოდეს წარმოთქვამს მოსკოვის საყდარი, მცხეთის საყდრის პირველიერარქის სრულ ტიტულს, როგორც ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტისა. განა ეს მათ გონებაში ფარულად არსებულ გადაწყვეტილებაზე არ მიუთითებს, რათა წარსტაცოს აფხაზეთის ეპარქია მის კანონიერ მაკურთხეველს. ცხადია, განზრახვის აღსრულებისთვის ესწრაფვის ხელსაყრელ დღეს. რამდენჯერ იახლეს საქართველოს მხცოვანი და ფიზიკურად დაუძლურებული კათოლიკოს- პატრიარქი მოსკოვში, მაგრამ რომელი დანაპირები შეუსრულეს. ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგ კომუნიკე კომუნიკეზე იღეს, მოტყუებით კათოლიკოს -პატრიარქს ხელი მოაწერინეს და კავკასიაში ქრისტიან ქართველთა ხოცვა, დევნა- ლტოლვილობის წინააღმდეგ კომუნიკეში ადგილი ვერ გამონახეს. ან როგორ მიუჩენდნენ ადგილს, როდესაც თავად არიან ამ დევნის შემოქმედნი. სიცრუეს სიცრუე ჰმატეს და ქართველ ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრისებში დაბრუნების პირობა ჰაერში განაბნიეს. სამაგიეროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამსჯელო ბაზები განათავსეს და რუსული ეკლესიების მშენებლობას მიჰყვეს ხელი, მათი იერარქების და მღვდლების უკანონო მომოსვლასთან ერთად.
უკრაინის საკითხი გაცილებით დიდი დატვირთვის მქონეა, ვიდრე ეს ახლომხედველთ წარმოუდგენია. ძალზედ მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და იერარქიის მიუკერძოებელი, სამართლიანი პოზიციის არსებობა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. უნდა გამოიკვეთოს, ვის ვემსახურებით უფლის სამართალს თუ ამ ქვეყნიერების მთავარს. ძალმომრეობას თუ უფლის სისხლით მოტანილ თავისუფლებას!” – წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი.