საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე მხარის პოზიციების გათვალისწინებით მიიღებსოქტომბერი 16, 2018

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე არგუმენტებს გულდასმით სწავლობს და პროცესს საფრთხის შემცველს უწოდებს, – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. ის სამწუხაროს უწოდებს კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების დაპირისპირებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე მხარის პოზიციების გათვალისწინებით მიიღებს.

„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში, ამ შემთხვევაში, კონსტანტინოპოლის და რუსეთის საპატრიარქოს დაპირისპირებას ვგულისხმობთ. გუშინ მინსკში ჩატარებულმა სინოდმა განაჩინა, რომ ის ევქარისტიულ კავშირს წყვეტს მსოფლიოს საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენს მწუხარებას და გამოვთქვამთ იმედს, რომ სამომავლოდ ეკლესიები გააცნობიერებენ ამ შემთხვევის მნიშვნელობას და იქნებ, გამოინახოს ისეთი გზა, რომელიც ამ ურთიერთობებს სამომავლოდ აღადგენს. ეს ძალიან რეზონანსული იქნება და მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ძალიან სერიოზულ დისონანსს შემოიტანს.

რაც შეგვეხება ჩვენ, მოვისმინეთ მსოფლიოს საპატრიარქოს განჩინება უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით და მოვისმინეთ რეაქცია მოსკოვის საპატრიარქოსი, რომლებმაც ჯერ განცხადებით, შემდეგ უკვე არგუმენტებით გაამყარეს, თუ რატომ არ ეთანხმებიან ისინი მსოფლიო საპატრიარქოს განჩინებას უკრაინასთან მიმართებაში.

ამიტომ, ჩვენ გულდასმით უნდა შევისწავლოთ არგუმენტები. რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს გავრცელდა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან და სავარაუდოდ, ალბათ, იქნება არგუმენტები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდანაც, თუ რის საფუძველზე მოახდინა ის ცვლილება, რაც მოხდა უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განჩინების საფუძველზე.

ამიტომ, ჩვენ სხვა კომენტარებისგან ამჯერად თავს შევიკავებთ, ეს არის დიდი მასალა და რაც მთავარია, ეს არის კანონიკური სამართლის ნორმები, რომელიც ძალიან საფუძვლიან და ღრმა გამოკვლევას საჭიროებს და ჩვენ შევისწავლოთ ორივე პოზიციას გულდასმით, მიუკეროებლად, რა თქმა უნდა და შემდგომში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი იმსჯელებს ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – ამბობს პატრიარქის მდივანი.

როგორც დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს, ამ თემაზე სხვა კომენტარების გაკეთება ამ ეტაპზე ნაჩქარევად ეჩვენება. მისივე განმარტებით, მსგავსი რეზონანსული გადაწყვეტილებები მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ადრე არ ყოფილა მიღებული. საპატრიარქო ამ პროცესში საფრთხეებს ხედავს.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეებს აქ, ამიტომ, მე მინდა სხვებსაც ვთხოვო და ჩვენს მრევლსაც, რომ გამოვიჩინოთ სიმშვიდე, მოთმინებით დაველოდოთ, შევისწავლოთ ყველაფერი და შემდეგ არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე, როდესაც ამისი აუცილებლობა დადგება და ეს იქნება წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, ჩვენ შევაფასებთ იმ მოვლენებს, რაც ხდება მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში“, -განაცხადა საპატრიარქოს მდივანმა.

1tv.ge