მეუფე დოსითეოზი – მართლმადიდებელი სამყაროსთვის ძალიან მტკივნეული ფაქტი მოხდაოქტომბერი 17, 2018

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) მოსკოვის, კონსტანტინოპოლისა და კიევის საპატრიარქოებს შორის არსებულ ვითარებას ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს:

“მინსკში მოსკოვის საპატრიარქომ წმ. სინოდის სხდომა ჩაატარა. გამოქვეყნდა სინოდალური განჩინება: კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან მოსკოვის საპატრიარქომ გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი. მართლმადიდებელი სამყაროსთვის ძალიან მტკივნეული ფაქტი მოხდა. სამწუხაროა, მაგრამ მოხდა…

მსგავსი შემთხვევები ისტორიაში არაერთი მომხდარა. ყველაზე რთული უახლოეს ისტორიაში ის გახლავთ, რომ მოსკოვის საპატრიარქომ მისი იურისდიქციიდან გასულ და კიევის საპატრიარქოდ გამოცხადებულ საეკლესიო კრებულს, თავის დროზე ანათემა გამოუცხადა. ვისაც ანათემის გამოცხადების მაშინდელი ვიდეო უნახავს, ღვთისმსახურებაზე მთავარდიაკონი ცდილობს, ხმას ამშვენებს, აცხადებს ანათემას და გუნდიც მაჟორულ ტონალობაში პასუხობს -ანათემა…

ადრე ეს კადრები არ გვინახავს. შევძრწუნდით იმით რაც ვიხილეთ. ფორმითაც და შინაარსითაც…
ანათემის ქვეშ მოექცა უკრაინელი მართლმადიდებლების ექვსიათასამდე სამრევლო.
მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის განხეთქილება აღიქმება როგოც უდიდესი ცოდვა, მაგრამ ანათემა არის უკიდურესი ზომა. ასევე, ის არის უკიდურესი ტკივილი და ტრაგედია იმ ეკლესიისათვის, ვინც აცხადებს ამ ანათემას.

ცოდვილთა და დაკარგულთა მოძიებაზე დამაშვრალი ეკლესია ასეთ უკიდურეს ზომას უკიდურეს შემთხვევებში მიმართავდა და იშვიათად ადმინისტრაციული პრობლემების აღმოსაფხვრელად .
უკრანის მართლმადიდებლები, უკიდურესი სასჯელის ზომით დაისაჯა იმის გამო, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, საეკლესიო კანონიკით, იძლეოდა შესაძლებლობას საეკლესიო ავტოკეფალიის მიღებისა. და ეს პროცესი სახელმწიფოსა და ეკლესიაში ერთდროულად დაიწყო.

მილიონობით უკრაინელი მართლმადიდებლი, სასურველი და არასასურველი პროცესების მსხვერპლი და ანათემირებულ შეიქმნა.

დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ: საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი სულიერი შვილები, აფხაზეთში, განხეთქილებაში გასული სასულიერო პირების გამო, ანათემირებისთვის რომ გაემეტებინა. არადა ეს სამღვდელოება საქართველოს კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყო. ისინი ქვეშევრდომობას თხოვდნენ რუსეთს, ხან კონსტანტინეპოლს.
რუსეთმა მიიღო განხეთქილებაში გასული სასულიერო პირები, ახლებიც აკურთხა არაკანონიკურ ტერიტორიაზე.
სულ რამოდენიმე სასულიერო პირზეა საუბარი მაგრამ წესი წესია. ეკლესიაში არც სამართალი ძველდება და არც ისტორიული საბუთები.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ანათემირების ფიქრი არავის გაჩენია. არც მის უწმიდესობას და არც რომელიმე ეპისკოპოსს. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვინც გიყვარს და შენ ძმად მიგაჩნია ანათემისთვის ვერ იმეტებ და ელოდები ტკივილიან მოთმინებაში.

ჩვენი აფხაზი სულიერი ძმები, მოვა დრო და ამას დაინახავენ.

P.S.
საინფორმაციო საშუალებები დღეს პასუხს ეძებდნენ:რატომ მოიწვია მოსკოვის საპატრიარქომ მინსკში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა.

მსგავსი თითქმის არასდროს მომხდარაო.
რა განუცხადა ამით მოსკოვის საპატრიარქომ ბელორუს მართლმადიდებლებს ?!

რატომ იყო, რომ ორი ათეული ათასი მართლმადიდებელიც კი არ იყო შეკრებილი მინსკში ახალი ტაძრის კურთხევაზე, რომელსაც მოსკოვის პატრიარქი მისი უწმიდესობა კირილე უძღვებოდა(?!)” – წერს მეუფე დოსითეოზი.