პატრიარქის მდივანი – საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში არასწორია კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის უპირობო მხარდაჭერაოქტომბერი 18, 2018

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდება  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე.

კითხვაზე, რატომ არ აფიქსირებს საქართველო ამ დრომდე პოზიციას ამ თემაზე, დეკანოზმა განაცხადა: იმიტომ,  რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ამიტომ არასწორია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უპირობოდ დაუჭიროს მხარი კონსტანტინოპოლის ეკლესიას.

პატრიარქის მდივანი ქართული ეკლესიის პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, ვიდრე რუსეთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების პოზიციები საფუძვლიანად არ იქნება ჩამოყალიბებული და არგუმენტები საეკლესიო სამართლის ნორმებით გამყარებული.

„კონსტანტინოპოლის ეკლესია ასაბუთებს, რომ მას აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინასთან მიმართებაში და მოსკოვის საპატრიარქო ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამ პოზიციას. მათ შორის დავა კანონიკური სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს, ეს უცილობელია. იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უპირობოდ მხარი დავუჭიროთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, არასწორია. ვიდრე არგუმენტები საფუძვლიანად არ იქნება ჩამოყალიბებული და საეკლესიო სამართლის ნორმებით არ იქნება ეს პოზიცია გამყარებული, მანამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებთ. ამავე დროს, დაველოდებით სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების დაფიქსირებას – როგორ ფიქრობენ ისინი და რა პოზიცია მიაჩნიათ მათ მართებულად. ამ პოზიციებში კარგად გარკვევის და შეჯერების შემდეგ, ამაზე უკვე წმინდა სინოდი იმსჯელებს, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ეს საკითხი აუცილებლად წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა გადაწყდეს, რადგან მღვდელმთავრებმა აუცილებლად უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

დეკანოზისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. მამა მიქაელი არ გამორიცხავს, რომ თუ აუცილებლობა იქნება, სინოდის სხდომის მოწვევა შეიძლება დაჩქარდეს.