პატრიარქი გორში მოკლული 8 წლის ბავშვის ოჯახს უსამძიმრებსოქტომბერი 27, 2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გორში მოკლული მცირეწლოვანი ნანა ბერიაშვილის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ბატონ ხვიჩა და ქალბატონ გვანცა ბერიაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს – დიდია თქვენი მწუხარება და განსაცდელი მომხდარის გამო.

ამ ფაქტმა შეძრა არამარტო გორი, არამედ მთელი ქვეყანა. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც რეალური ნაბიჯი უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად, ძალადობის ასალაგმად, მომავალი თაობის დასაცავად.

მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გამოვხატო თქვენდამი თანაგრძნობა და, ამასთან გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, პატარა ნანა ღვთის საუფლოს მკვიდრი გახდა და იგი უფლის წინაშე თავისი ლოცვებით შეგეწევათ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც.

ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ნანას უკვდავი სული“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს.