მარნეულის ეპისკოპოსი გიორგი “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას” მკრეხელურს უწოდებსოქტომბერი 30, 2018

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი “ფეისბუქის” პირად გვერდზე საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის მიმართვას აქვეყნებს. მღვდელმთავარი გამოცემა “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას” ეხმაურება და მას მკრეხელურს უწოდებს. ასევე იმ მიზეზებს ასახელებს, თუ რატომ არ შეიძლება მისი წაკითხვა.

“მინდა მივმართო მორწმუნე საზოგადოებას, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას, რომელიც, ჯერ კიდევ, ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გზაზე დგას და სურვილი აქვს, გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობის ლიტერატურას. აქამდე ვცდილობდი კომენტარი არ გამეკეთებინა წიგნის შესახებ, რომელიც აკრძალული წიგნების თაროდან ითარგმნა, რათა ერთგვარი რეკლამა არ გამეწია ამ გამოცემისთვის. საუბარია “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებაზე”, რომლის ავტორიც გახლავთ ბერძენი ნიკოს კაზანძაკისი, მაგრამ, ვინაიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთგვარი პროპაგანდა ამ წიგნის გაცნობის თაობაზე, თავს მოვალედ მივიჩნევ განვმარტო, თუ რატომ არ შეიძლება ზემოთ ხსენებული, მკრეხელური ლიტერატურის ჩვენს მაგიდებზე მოხვედრა. ამ წიგნში დამახინჯებულად არის აღწერილი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სახე. ქრისტე მაცხოვარი წარმოჩენილია პიროვნებად, რომელიც “მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც; ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია”. წიგნი ფსიქოლოგიური რომანია და განსაკუთრებით იგრძნობა მასში ნიცშეანური ფილოსიფიისა და ფროიდისეული გავლენა, რაც უდიდესი მკრეხელობაა. ამ ლიტერატურის წინააღმდეგ, თავის დროზე, გამოვიდა ელადის ეკლესიის წმინდა სინოდი, რომელმაც განკვეთა და ანათემას გადასცა წიგნის ავტორი. მის წინააღმდეგ ასევე გამოდიოდნენ ათონის წმინდა მამები, მათ შროის წმინდა პაისი ათონელი.
ეს წიგნი არის ღვთის მგმობელი და მკრეხელური შინაარსის, რომელიც შეურაცხყოფს, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას, ისე მორწმუნე ადამიანს. დაე, ნუ დაიდებს ბინას ჩვენს სახლებში ეს სატანის სულით გაჟღენთილი წიგნი, რომელსაც შეუძლია ჩვენს მოზარდებს დაუმახინჯოს ცნობიერება და ცოდნა, ჭეშმარიტი მესიის- ქრისტეს შესახებ.
“ამისთვის გეტყვით თქვენ”- ამბობს უფალი, “ყოველი ცოვაი და გმობაი მიეტევოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტევოს კაცთა,” “არცა ამას სოფელსა, არცა მერმისსა.” – წერს მიმართვაში ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.