რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებას არაადეკვატური უწოდანოემბერი 4, 2018

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არაადეკვატური უწოდა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის, მთავარეპისკოპოს იობის „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, შესაძლოა, დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი დაკარგოს. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესმდივანმა ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა.

„ძალიან საგანგაშო განცხადებები ჟღერს მთავარეპისკოპოს იობისგან (გეჩა). ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული მისი სულიერი მდგომარეობით. საჭიროების შემთვევაში, მზად ვართ, თანამოძმის დასახმარებლად, ან ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთ სემინარიაში მის გასაგზავნად“ – განაცხადა ვოლკოვმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლმა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში, მთავარეპისკოპოსმა იობმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებელი ეკლესიების ავტოკეფალური სტატუსები არ დამტკიცებულა მსოფლიო კრებების მიერ, არამედ სწორედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მიანიჭა მათ დამოუკიდებლობის სტატუსი.

მისი თქმით, თუკი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ჩათვლის საჭიროდ, შეუძლია კიდეც შეცვალოს ეს სტატუსი.