პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – თუკი ხელისუფლება შეიცვლის დამოკიდებულებას, მძიმე მდგომარეობაში თავად აღმოჩნდებანოემბერი 7, 2018

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს არ ჰგონია, რომ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა საარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება შეიცვლის დამოკიდებულებას, ამით ძალიან მძიმე მდგომარეობაში თავად აღმოჩნდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხელისუფლება ითვალისწინებს ეკლესიის დამოკიდებულებას და ეკლესიის დამოკიდებულება არასდროს არის თვითმიზანი. ეკლესიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მარიხუანას კულტივირება იქნება საზიანო მთელი ქვეყნისთვის. მთავრობამ, ეს რა თქმა უნდა, გაითვალისწინა და გადაწყვიტა, რომ გაიწვიოს ეს კანონპროექტი. ეს ღირსეული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მთავრობის ეს გადაწყვეტილება საარჩევნო პერიოდს, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პასუხობს, რომ მას ასე არ მიაჩნია.

„არ მგონია ეს უკავშირდებოდეს საარჩევნო პერიოდს. რატომ? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ გაიტანს ამ კანონპროექტს განუსაზღვრელი ვადით და ის ამას აღარ დაუბრუნდება, თუკი შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ამით ხომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ნამდვილად არ მგონია, რომ ეს მხოლოდ იმის გამო იყოს გაკეთებული, რომ არჩევნების წინა პერიოდია. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად მოხდა გაცნობიერება იმისა, რომ ეს ნამდვილად საზიანოა საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის“,- განაცხადა პროტოპრესვიტერმა.