13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენებაა – წელს მსვლელობები არ დაიგეგმანოემბერი 12, 2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა, რომ  ამასთან დაკავშირებით მსვლელობები წელს დაგეგმილი არ არის, სადღესასწაულო ღონისძიებები კი მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე დაიწყება. ნაჩვენები იქნება სხვადასხვა კოლექტივების შემოქმედებითი ნომრები, ასევე, იმ პერიოდის ამსახველი მონო–სპექტაკლი. შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისის გადაიხდის.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან. ასევე, ცაში ფრანებს გაუშვებენ.

100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.