პატრიარქი ბართლომე – ფანარი გულგრილი ვერ იქნება, როდესაც უკრაინელი ერი იტანჯებანოემბერი 14, 2018

ფანარი ვერ იქნება გულგრილი, როდესაც მართლმადიდებელი უკრაინელი ერი იტანჯება და ეძებს საეკლესიო პრობლემების გადაწყვეტის გზებს, რომლებიც მათ საუკუნეების განმავლობაში აწუხებს. ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქო ამას აკეთებს ეკლესიის აღმშენებლობისთვის, და არა ამქვეყნიური ძალისა და ხელისუფლების სადემონსტრაციოდ.

მსოფლიო პატრიარქი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიიღო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ.

„უდიდესია დედა ეკლესიის პასუხისმგებლობა, ქრისტეს წმინდა და დიდ ეკლესიას, რა თქმა უნდა, საზღვრები არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, ისევე როგორც ჩვენ მივანიჭეთ ავტოკეფალია ყველა ადგილობრივ ეკლესიას, წმინდა სინოდმა გადაწყვიტა მიენიჭოს ავტოკეფალია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც იტანჯება იმისთვის, რომ მანაც შეძლოს მართლმადიდებლობის სისავსესთან ერთობა და შინაგანი სიმშვიდის მოპოვება. მხოლოდ პირველი მართლმადიდებელი ტახტი, კონსტანტინოპოლის ეკლესია ატარებს ამ მაღალ პასუხისმგებლობას წმინდა კანონების თანახმად“ – ნათქვამია განცხადებაში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ მიზეზით, წარმოუდგენელია, რომ მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც წმინდა კანონების შესაბამისად პასუხისმგებელია მართლმადიდებლობის ერთობასა და სტაბილურობაზე, გულგრილი დარჩეს, როდესაც მართლმადიდებელი უკრაინელები იტანჯებიან ეძიებენ საეკლესიო პრობლემების გადაწყვეტის გზებს და რომლებიც მათ საუკუნეების განმავლობაში აწუხებდა.