ილია II იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის და რუსეთის პატრიარქები საერთო ენას გამონახავენნოემბერი 18, 2018

სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ  კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები საერთო ენას გამონახავენ და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

“უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს – კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიენ მას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია რომ იყოს ადამიანის მიერ შექმნილი დაწესებულება, იგი ვერ გაუძლებდა ამ ბრძოლას. ეს არის სხეული იესო ქრისტესი, უძლეველი სხეული. ამიტომ ამბობს იესო, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინოპოლსა და რუსეთის ეკლესიათა შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, მისი პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა”, – აღნიშნა ილია მეორემ.