რუსეთის ეკლესიას უკრაინის საკითხზე ანტიოქიის მხარდაჭერის იმედი აქვსნოემბერი 18, 2018

უკრაინის ეკლესიის საკითხში, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა განუცხადა, რომელიც დამასკოში ანტიოქიის პატრიარქს იოანე X-ს შეხვდა.

მისი თქმით, რუსეთის ეკლესიისთვის ანტიოქიის საპატრიარქოსთან ურთიერთობას უდიდესი მნშვნელობა გააჩნია. „განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინაში რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი სირიის დედაქალაქში რელიგიათაშორის სამუშაო ჯგუფთან ერთად ჩავიდა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს და მასში რუსეთის ქრისტიანი და მუსლიმი მოღვაწეები ერთიანდებიან.

თავის მხრივ განცხადება გააკეთა ანტიოქიის პატრიარქმა იოანე მეათემაც.

“ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ რუსეთის სახელმწიფოსა და რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერას სირიის ხალხისადმი. ჩვენ ეკლესიებს შორის მჭიდრო კავშირია. ჩვენ სიყვარულსა და პატივისცემას გადავცემთ ანტიოქიის ეკლესიისა და სირიელი ხალხის სახელით უწმინდეს პატრიარქ კირილს, პრეზიდენტ პუტინსა და ყველა ძმასა და დას რუსეთში. რუსეთის ხმა – ეს არის სიმართლისა და მშვიდობის ხმა საერთაშორისო საზოგადოებაში“ – განაცხადა პატრიარქმა იოანე მეათემ რუსეთის დელეგაციის მიღებისას.