საპატრიარქო – პატრიარქის სახელით გავრცელებული ინფორმაცია უსახლკაროების შესახებ არასწორიანოემბერი 20, 2018

საქართველოს საპატრიარქო მედიასა და სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პატრიარქმა ტაძრების წინამძღოლებს კურთხევა მისცა, რომ ღამით ტაძრის კარი გაუღონ უსახლკარო ადამიანებს, რათა მათ ღამის გათევის საშუალება მიეცეთ.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საგანგებო განცხადება ტელეკომპანია “ერთსულოვნებასთან” გააკეთა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება:

“ინტერნეტსივრცეში ხშირად ხდება, რომ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ და ამას მოსდევს არასწორი ინტერპრეტაცია. ასე მოხდა გუშინაც: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს,  პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები, შეიძლება, მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია შეუძლებელია თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია. ასეთი განცხადებები, მითუმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიედ, ან მიზანმიმართულად ემსახურება ცრუ არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლის ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა.

ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალიატიური ცენტრი, უპოვართათვის ფუნქციონირებს სასადილოები. ამის აფიშირებას ეკლესია არ აკეთებს – არ მიაჩნია ეს საჭიროდ. ასევე შეიძლება გავიხსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც სახელმწიფომ საჭიროდ ჩათვალა და მოაწყო უსახლკაროთათვის თავშესაფარი, მაშინ ეკლესია თავისი წვლილით ეხმარებოდა ამ სოციალური გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს და მონაწილეობდა ამ ცენტრის ფუნქციონირებაში. თუ ამის მერეც იქნება რაიმე მსგავსი ინიციატივა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ცალკე მოხდეს ასეთი სახლის ფუნქციონირება, ეკლესია კვლავაც მზადაა მიიღოს მასში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად, შეუძლებელია – ეს არის ელემენტარული რეალობა” – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.